ახალი ფურცელი

"მე კი სიცოცხლეს ვიწყებ თავიდან"...


"სიკვდილი მოვა ადრე თუ გვიან". და მოვიდა მწერლის სიმარტოვეში - "ლამაზი და უჩუმარი"... და მისი სული, როგორც ჩიტი, სევდის ნათელში შეიფარა...

მოხეტიალე კუნძულივით ცხოვრობდა ღამის უსაზღვრო ოკეანეში, "ქვეყანა იყო უკაცური და უდაბური, მაგრამ ლამაზი". გახსნილი გულით და სავსე ჭიქით მაინც მზად იყო შენდობისა და სიყვარულისთვის - ხან ზედაზნის ნაზსა და სუსტ ნისლს გამოდევნებული, ხანაც მტკვართან ქარის ტირილს მიყურადებული...

"მე კი მარტო ვარ,

ძალიან მარტო

და თავთან მიდგას

წყალი და წიგნი"...




თავგზას უბნევდა თეთრი ფურცელი, ეძებდა სიტყვებს, და თითქოს მხოლოდ ამ სიტყვებს ძალუძდათ უსაზღვრო ტანჯვის დატევა... "რკინის საწოლზე იწვა პოეტი, რკინაზე ედო სული მღელვარე", და როცა ქალაქს ეძინა, ღიმილი და ცრემლის წვეთი სულს უბრუნებდა, ფურცლები კი სუნთქვას იწყებდნენ...

"და როგორ მოხდა ახლაც არ ვიცი:

ცრემლი ყვავილად გადაქცეული

მიგროვდებოდა სულში თავისით.

მე ასე უნდა მეცხოვრა თითქოს

უნდა მეზიდა სულით ყინული"...

ათოვდა თუ აწვიმდა, მზითა და ქარით გარემოცულს, დამალული სენით თუ სევდასავით ტანჯავდა რაღაც... ძილშიც კი გრძნობდა, როგორ ფეთქავდა სარკმელში ტოტი, ხოლო ანანურთან, შემოდგომაზე მუხის ფოთოლი კაწრავდა სულს:

"ხოლო ფოთოლი სისხლის

წვეთივით

მეცემა გულზე...

და გულით მიმაქვს,

როგორც ბრძოლებში

გამდნარი დროშა"...

ტკივილს სწირავდა ყველაფერს... - მთვარე გაზრდილიყო სევდით და ცრემლით, ბევრჯერ წაექცა სხეული, მაგრამ "სული, დროშად ქცეული" არ წაქცეულა... ჯიუტად ეძებდა მარადისობის კვალსა და მიზეზს, თვალებით კი დაჰქონდა მუდამ მშვიდი და ამოუხსნელი - სამშობლოს სევდა:

"ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია, ხოლო სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს. არა სხეულის, არამედ სულის საჭურისობას ნიშნავს მონობა და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონაა ისიც"...

"ის იდგა გზაზე, დიდი და მშვიდი", ამ ქვეყანაზე რაც არსებობდა, ყველაფრის განცდას ცდილობდა, უსასრულო ფიქრში გართული: გადაიტანა ბევრი ანისი, ბევრი დმანისი, ბევრი კრწანისი...

"ის ღამით ფერხთით ეჯდა

ქვეყანას

და წიგნებს წერდა ქვეყნის

კარნახით..."

ათასჯერ დამეხილს გულიღა დარჩენოდა ძველი, "ტანშეფუთული მშობელი მიწით" მაინც ამბობდა: "მე კი სიცოცხლეს ვიწყებ თავიდან!"...

"მზის შვილები ვართ.

მზით მორთულები,

მზედ უნდა ვიქცეთ..."

ამ რწმენით იცხოვრა. ქვეყანა ბრუნავდა - დიდი და საკვირველი. იცოდა, რისთვის შორდებოდა ამ ცას და მიწას, ამ დღეს და ღამეს... ლექსი და ცრემლი, ყვავილად გადაქცეული მიჰქონდა დიდ გზაზე...

"დავრჩები ჩემი ლექსის ამარა,

თავისუფალი და ცარიელი,

როს გაიხსნება ჩემ წინ სამარე

ღრმა და პირქუში, ვით დარიალი"...

და გაიხსნა სამარე, არა პირქუში, არამედ როგორც ცის სარკმელი. "ასე ჩიტები კვდებიან მხოლოდ"... გული დენთის კასრივით დარჩა თბილისში, სავსე იმ დიდი გრძნობით, რომელსაც "ვერ კლავს ყულფი და ტყვია"... დარჩა შენს ურუქში - ლამაზ ქალაქში, იმედივით ნათელ მდინარეში, ცისა და ქვეყნის ოცნებით სავსე...

"მოვკვდები - როგორც

ქვეყნის ნაწილი

და არა - წუთისოფლის

სტუმარი"...

შენ ახლა ქვეყნის ნაწილი ხარ... და სული შენი უსასრულოდ მიიწევს მაღლა, და არის ასე, ვით ნათელი - ყველგან და არსად!