ვარდისფერი ფურცელი





ვარდი...ჩემი საყვარელი ყვავილია

(Rosa)- მცენარე,ვარდისებრთა ოჯახიდან. ცნობილია დაახლოებით 400 ველური სახეობა, რომლებიც გავრცელებულია მთელს მსოფლიოში. საქართველოში 25-მდე სახეობაა. ვარდი მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ბუჩქია. ზოგიერთ სახეობას გრძელი ხვიარა ტოტები აქვს, ღერო დაფარულია ეკლებით.



ეს ულამაზესი მცენარე დამსახურებულად ითვლება ყვავილების დედოფლად. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვერც ერთი ყვავილოვანი კულტურა ვერ დაიკვეხნის ფორმის, ზომისა თუ შეფერილობის ისეთი მრავალფეროვნებით, როგორიც ვარდს აქვს. განუმეორებელი არომატისა და ლამაზი ყვავილის გამო ის კლასიკურ სათაიგულე კულტურად იქცა.



მრავალი ვარდი მათგანი მრავალსაუკუნოვანი გადარჩევისა და რთული შეჯვარებების შედეგად არის მიღებული. ვარდი სინათლისა და ტენის მოყვარული და საკმაოდ მომთხოვნია, განსაკუთრებით - ზაფხულში, ხოლო მოსვენების პერიოდში, რომელიც ოქტომბრიდან დეკემბრის ბოლომდე გრძელდება, ის მეტისმეტად მგრძნობიარეა ნიადაგის ზედმეტი ტენიანობისადმი. ასე რომ, ვარდი ამ თვალსაზრისით მართლაც დედოფალივით ჭირვეულია.


ვარდისთვის უფრო სასარგებლო დილისა და დღის პირველი ნახევრის მზეა. ხეებისა და შენობების ჩრდილში ის თითქოს უფრო მაღალი იზრდება, მაგრამ ამავე დროს ნაკლებად ფოთლოვანია და ნაკლებ ინტენსიურადაც ყვავილობს. ასეთი მცენარე ზამთარში შეიძლება დაიღუპოს. თუმცა სამხრეთის ქვეყნებში შუადღის მწველი მზეც შეიძლება მისი დაღუპვის მიზეზად იქცეს. ზოგიერთი ჯიშის, მაგალითად, წითელი ვარდის ყვავილები მისი ზემოქმედებით ადვილად იცვლიან შესახედაობას, ჭუჭყის ფერს იღებენ, იწვებიან.


ვინაიდან ვარდი მაინც სითბოს მოყვარული მცენარეა, უმჯობესია, მისთვის შევარჩიოთ სათანადო ადგილი, რომელიც კარგად თბება და დაცულია ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარისაგან.ამავე დროს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნიადაგის დრენაჟირება. ვარდის ბუჩქი ნორმალურად რომ განვითარდეს, აუცილებელია, დროულად მოიჭრას ფესვთან გაჩენილი ახალი წანაზარდები. ისინი საკმაოდ სწრაფად იზრდებიან და თრგუნავენ მცენარეს.
ვარდის ზეთის გამოყენების არეალი ფართეა. მაღალხარისხიანი ვარდის ზეთის Oleum Rosae ძირითადი მომხმარებელი ელიტარული კოსმეტიკაა. იყენებენ პარფიუმერიაში, კულინარიაში და ა.შ.

ყვავილთა დედოფალი, ვარდი, მხოლოდ მშვენიერებისა და საუცხოო სურნელის გამო როდი ფასობს. ჯერ კიდევ ავიცენა წერდა მის სამკურნალო თვისებებზე, რომ ვარდი ”საუცხოოდ ახშობს ოფლის სუნს, მისი გასრესილი ფურცლები აქრობს მეჭეჭებს და კარგი საშუალებაა წითელი ქარის სამკურნალოდ. გამხმარი ვარდის ნახარში სასარგებლოა ქუთუთოების შეშუპებისა და თვალების ანთების დროს. თუ ფოთლებს თეთრ ძირებს მოაჭრით, მათი ნახარში ამაგრებს და კვებავს თმის ძირებს, ასუფთავებს სახის კანს”.

ვარდის ზეთი ძალიან ძვირად ფასობს, რადგან ძნელად მოიპოვება - ერთი წვეთი ზეთის მისაღებად 30-მდე ყვავილის გვირგვინია საჭირო. ვარდის ეთერზეთი მდიდარია B, C, E, K ვიტამინებით, ტანინებით, უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ბუნებრივი მცენარეული ცხიმების საუცხოო კომპოზიციებით. ის 300-მდე კომპონენტს შეიცავს, რომელთაგან მხოლოდ 100-ის ქიმიური შემადგენლობაა განსაზღვრული.