
ტერენტი გრანელი – Terenti Graneli
სიცოცხლის გრადაცია
წითელი მზე აელვარდა მინებთან,
მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე.
უიმედო გულის ძგერა მინელდა,
შენ, წმინდაო მაცხოვარო, ამინ!
გამიარა ჟრუანტელის ალმა,
სადღაც ქარი გადაფრინდა ნაპირზე.
გული მიდის, არ ვიქნები ალბათ,
მწუხარეა ჩემი მკრთალი ნაბიჯი.
ჩაესვენა სურვილების გროვა,
როგორც შორი მირაჟების სერია.
ახლა უფრო დაფიქრების დროა,
ჩადენილი შეცდომები ბევრია.
ჩემი სახე რომ ყვითლდება, ვხედავ,
შორეული ყვავილებიც ხმებიან.
სამარისკენ აცილებენ ცხედარს
და მუსიკის მგლოვიარე ხმებია.
ო, ეს გული, ისევ გული მტკივა,
სიჩუმეა უსიცოცხლო ველების,
რანაირი ნაწამები მივალ,
მიმაქვს ჩემი დაკრეფილი ხელები.
წითელი მზე აელვარდა მინებთან,
მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე,
უიმედო გულის ძგერა მინელდა,
შენ, წმინდაო მაცხოვარო, ამინ!..

მწუხარე მელოდია
მწუხარება ნაკეცი გაზაფხულზე დაგეძებს,
შენს უმანკო ბაგეზე დაბინავდნენ ლოცვები.
საოცრების ლანდები შენს წინ გლოვას ანთებენ,
როგორც ბრილიანტები საიდუმლო ოცნებით.
შუაღამის ვედრება სამრეკლოსთან ბერდება,
მოგონება ფითრდება სინანულის ფარდებში.
სურნელება ვილლასი დაეცემა სილაზე,
როგორც ლურჯი სინაზე, დაიკივლებს ვარდებში.
აკანკალდა არმაზი, უნაზესი გამმაზე,
მოსვენებას არ მაძლევს კვირეების გუგუნი.
ძლივს გადურჩი ამ აპრილს, ვერ ვასრულებ დანაპირს,
ჩვენს ცხოვრებას თანაბარს შთანთქავს ღამე უკუნი.
განშორების წამებში ჩაქრებიან სანთლები,
დაო, მომელანდები ვით კუბოში მწოლარე.
სასაფლაოს ლოდებთან ჩამოცვივდნენ ფოთლები,
მზეო, არ გელოდები მე, ფარულად მთრთოლარე.
როცა ქარი იწყება, გადვიქცევი ფიქრებად,
ალბათ ბევრი იქნება იმედები ქარვაში.
მესმის ხმა როიალის, ვით ფოთლების შრიალი,
მიყვარს მე ხეტიალი შეშლილივით ქალაქში.
მწუხარება ნაკეცი გაზაფხულზე დაგეძებს,
შენს უმანკო ბაგეზე დაბინავდნენ ლოცვები.

კვირის წირვები
თეთრი ხაზებით დავეწევი სასტიკ ზმანებას,
დაისვენებენ ქიმერებზე ჩემი ცოდვები.
შენს მიმქრალ სახეს შემოდგომა მე არ მანებებს
და აქ, თბილისში, თვით მათხოვარს შევეცოდები.
მე ეს შუადღე გამაოცებს თავის ლოცვებით,
ცოდვის ტაძარში გადავითვლი ფიქრებს გაძარცულს.
წვიმის ლანდებში ვიმალები ღამის ოცნებით,
ო, ეს წუთები მე მაგონებს ტირილს გარდასულს.
ანთებულ გრძნობით ავაკივლებ ცრემლებს თვალებში,
როცა საშინლად გამაშავებს მთვარის სინესტე.
მეტად მწვავეა ეს ქვეყანა ღამის რკალებში,
და ჩემი ლექსი - ყაჩაღების ცრუ მანიფესტი.
კვირის წირვებში ცოდვილ ტაძრებს ასწევენ მკვდრები,
თავის წამება სამრეკლოზე მარტო მე მინდა.
ო, ვიყრი მუხლებს, სინანულით შენ გევედრები,
მე გაჭირვებულს და საცოდავს, ღმერთო, შემინდე!

მკრთალი სილუეტი
შავგვრემან სახეს აცისკროვნებს ლურჯი გაროზი,
თეთრი ხალათი ნაზ ბროლის ყელს მეტად უხდება.
ღრუბლიან ავდარს გადალახავს წმინდა ტაროსი
და ჩვენს გარშემო ყვავილები აფირუზდება.
მკრთალი ლანდები ცის სივრცეში ათამაშდება,
ნელ ცეცხლის ალით იფერფლება ანგელოზები,
ჩემი იმედი სამუდამოდ რომ დამარცხდება,
ვით მონაზონი, შავ ძაძებით შევიმოსები.
თეთრი ვარსკვლავი კაბადონზე რომ გამოჩნდება,
მისი სხივები მსურს შევკონო ბრილიანტებად.
მთვარიან ღამის ჩუმი დილა რომ გათენდება,
ჩემი ოცნება დაიმსხვრევა მრავალ ლანდებად

მოგონება ქარში
ქარია მძლავრი და საღამოა,
ცაზე ყვითელი ღრუბლები რბიან.
იმას არ ველი, ის აღარ მოვა,
იმაზე წუხელ არ მიფიქრია.
მზე დაიმალა ყვითელი ფერით
(არც ეს ბედია ქარზე ნაკლები) .
მთაზე ჩამოწვა ლურჯი ღრუბელი,
ღრუბელი, მსგავსი მაღალ აქლემის.
ქარია ისევ და საღამოა,
ქარმა ჩემ სურვილს ფრთები მოსტეხა.
ის არ მოსულა, ის აღარ მოვა,
ის დადიოდა ბაღში ოდესღაც.
ღამდება და მეც ვცილდები საზღვარს,
საღამოს დარდი უფრო მწარეა.
ის ალბათ თეთრი თოვლია სადღაც,
ის შორეული სიმწუხარეა.
ო, ყოველივე როგორ მომბეზრდა,
ქარია ისევ და საღამოა.
ის დაიკარგა ქარში ოდესღაც.
იმას არ ველი, ის აღარ მოვა.

მე შენზე ფიქრი მაშინ მღალავდა
მე შენზე ფიქრი მაშინ მღალავდა,
დღეს მოწყენილი მივდივარ გზაზე.
რა ვუყო, ყველამ თუ მიღალატა,
რა ვუყო, ცხედარს თუ დავემსგავსე.
გარშემო დაწვა დღე უცნაური,
დასდევს წამება იღბალს თანაბარს.
ქალაქში უცებ შეწყდა ხმაური,
ქალაქმა უცებ სული განაბა.
ისევ შორიდან ვუმზერ სამყაროს,
ეს გრძნობა თვალებს ცრემლით ამივსებს.
მწუხარე სახით მოვწყდი საღამოს
და ახლა მივალ ცისფერ ღამისკენ

კვირის შუადღე
თეთრი შუადღე ბრინჯაოს ჯვრებით,
ყრუ სასაფლაო და მდუმარება.
უცნობი თვალი, ო, ჯავრით ვთვრები,
ირღვევა ფიქრი, სდუმს მწუხარება.
კვირის წირვები ქრებიან შხამით,
დღის ზიარება ხატებს დანებდა.
მამის საფლავი, ტირილი ღამით,
სისხლი აბელის, გლოვა დანებთან.
კვირის აისი ლანდებში ახვევს
დამსხვრეულ კუბოს ყვითელი ფერით,
ისევ წამება და ავი სახე,
წამიღებს ზარით მე ნოემბერი.
სამრეკლო ანთებს ღრმა პანაშვიდებს,
კვირის ხმაურში კვდება ქუჩები.
ო, ეს საღამო თითქოს მამშვიდებს,
მაგრამ ხვალ გლოვას ვერ გადურჩები.
თეთრი შუადღე ბრინჯაოს ჯვრებით,
ყრუ სასაფლაო და მდუმარება.
უცნობი თვალი, ო, ჯავრით ვთვრები,
ირღვევა ფიქრი, სდუმს მწუხარება.