დღეს ჩვენი გზები ისე გაიყო, ვით ნატახტართან იყოფა გზები.
მე კარგად ვიცი, ვიცი თუ ვხვდები, რომ შენ აღარსად არ მელოდები,
ალბათ ეს არის იმის მიზეზი, რომ უმიზეზოდ ხშირად ვღონდები...
განმეორდება ეს ყველაფერი, ოღონდ ჩვენ აღარ განვმეორდებით.
შენ გაფრინდები, შენ დამშორდები, ახლა შენ ჩემთვის არა გცალია,
გთხოვ მაპატიო, გთხოვ მაპატიო, რომ მე მიყვარდი და რომ მიყვარხარ ახლაც ძალიან!
ალბათ სჯობია ნანატრი ბაღი კაცმა იხილო მხოლოდ გარედან და გულგრილობა,
შენი თუ თვისი, ავი ძაღლივით ებას კარებთან. ღობის გარედან ჰკრეფდე ნაყოფებს
და დასახევი გხა გქონდეს უკან, ანდა ზევიდან ჭვრეტდე ყველაფერს,
ვით მაგიდაზე გადაშლილ რუკას.
სჯობია კაცმა ნანატრი ბაღი მუდამ იხილო მხოლოდ გარედან
და საკუთარი ცივი გონება ერთგულ ძაღლივით გებას კარებთან,
მაგრამ პირველად როცა შევედი, მე ვერ ვხვდებოდი ამ სიბრძნეს მაშინ,
მე არც დღესა მაქვს ცივი გონება და კვლავ თამამად შევდივარ ბაღში;
გვირილებს ვკრეფდი იმ დღეს ფერდობზე, უცებ გაწვიმდა და დაიქუხა,
სადღაცას მუხას დაეცა მეხი. შეშინებული გამოვიქეცი
და მე რომ უნდა მომეძღვნა შენთვის, იმ ყვავილს ალბათ დავადგი ფეხი!..
მორჩა! დაეშვა სცენაზე ფარდა, თოვლმა წაშალა სუყველა კვალი...
მუხრან მაჭავარიანი
მზე ამოდიოდა,მთვარე ჩადიოდა,
მამალი ყიოდა,კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას ციოდა,
და დრო გადიოდა...
რაც ჩემამდეა ჩადენილი უჩემოდ შენგან,
რაც მე არ ვიცი,რაც, შენს გარდა იციან სხვებმა,
რაც ჩემამდეა ჩადენილი უჩემოდ შენგან,
იგი მგვრის, ალბათ,
უმიზეზოს ხანდახან სევდას.
სიყვარულისთვის არასოდეს არაა გვიან;
დრო განუსაზღვრონ;
ნაღდ სიყვარულს ეგღა აკლია;
ვაი, იმ ტრფობას, -
სიყვარული რომელსაც ჰქვიან,
სინამდვილეში დახვეწილი სიყალბე კია.
ქებათაქება იმ უტკბეს წუთსა,
იმ ნეტარებას ქებათაქება,
როდესაც გიყვარს (არ იცნობ თუმცა),
ძმარიც კი როცა გებადაგება.
რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი, როგორც მზის სხივი,
მიუწვდენელი, როგორც ედემი!
და თუ არა ხარ, ის ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნანობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების,
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე!
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს_ზღვა საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული!





Комментариев нет:
Отправить комментарий