
კოწახური - Berberis Vulgaris
მჟავე, სასიამოვნო გემოს ნაყოფი.
ფოთლები შეიცავენ 120 მგ /პროცენტამდე ასკორბინის მჟავას (ვიტამინ C-ს), ნაყოფმსხმოიარობისას კი დაახლოებით 40 მგ/ პროცენტ ვიტამინ E-ს. გარდა ამისა ფოთლებშია ალკალოიდები, მათ შორის ბერბერინი, რომელიც სისხლის წნევას დაბლა სწევს, იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას და აძლიერებს ნაღვლის დენას. ფოთლის ნაყენს სისხლდენის შესაჩერებლად და ღვიძლის დაავადების დროს იყენებდნენ, ფოთლებს იყენებენ მარინადის მოსამზადებლადაც.
ფესვებისგან, რომელიც 2-5 პროცენტ ალკალოიდებს შეიცავს, იღებენ პრეპარატ ბერბერინს, რომელსაც ქრონიკული ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის და ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს იყენებენ.
მწვანე ნაყოფები შაბთან ერთად მატყლის, სელის ქსოვილსა და ქაღალდს ვარდისფრად ღებავს, ფესვები კი მატყლსა და ტყავს ყვითლად ღებავს.
კოწახურის ფოთლის ნაყენი 40 პროცენტ სპირტზე 1:10-ზე შეფარდებით (1 ნაწილი წვრილად დაჭრილი ფოთოლი 10 ნაწილ სპირტზე) მიიღება ღვიძლისა და ნაღველსადინარების დაავადებებისას 25-30 წვეთი დღეში სამჯერ, 2-3 კვირის განმავლობაში.
ხალხური მედიცინა სამკურნალოდ კოწახურის ფესვებს, ღეროს და ტოტების ქერქს იყენებს. კოწახურის პრეპარატები ქინინის მსგავსად სიცხის დამწევად მოქმედებს. მასვე გააჩნია სედატიური და მიკრობსაწინააღმდეგო თვისებები. კოწახურის ფესვები და ქერქი (ალკალოიდები) რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმლის კენჭოვანი დაავადების, სიყვითლის, თირკმლებისა და საშარდე ბუშტის ანთების, განსაკუთრებით ნიკრისის ქარის, რევმატიზმის და წელკავის (წელის გაშეშების) დროს.
მიღება ხდება წყლიანი ნაყენის სახით: ნახევარი ჩაის კოზ დაქუცმაცებულ ქერქს ან ფესვებს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს. საჭიროების შემთხვევაში დღეში 2 ჭიქა გამონაწვლილს სვამენ.
ხალხურ მედიცინაში რეკომენდებულია აგრეთვე ნაყოფის გამონახარში ელენთის დაავადების და კუჭის სპაზმების დროს, ფოთლების გამონახარში კი სურავანდის, კუჭაშლილობის და დიზენტერიის წინააღმდეგ.

მრავალძარღვა - Plantago major
მრავალძარღვა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან.
მრავალძარღვა გავრცელებულია მთელს საქართველოში გზის პირებზე, ბილიკებზე, ეზოებში, ბაღებში, საერთოდ – ტენიან ნიადაგებში. მთაში გვხვდება თითქმის 2500 მ-მდე ზღვის დონიდან.
ამზადებენ მრავალძარღვას ფოთლებს. ფოთლები მოკლე ყუნწებით იჭრება ყვავილობის პერიოდში. არ შეიძლება მთელი როზეტის მოჭრა, რადგან, ამას მივყევართ მრავალძარღვას განადგურებამდე. მიზანშეწონილია ფოთლების შეგროვება მშრალ ამინდში, უნდა შეგროვდეს საღი, დაუავადებელი ფოთოლი. აშრობენ ჩრდილში.
მრავალძარღვას ფოთლები შეიცავს გლიკოზიდ აეკუბინს. ნაპოვნია მათში ალკალოიდის ნიშნები, სათრიმლავი ნივთიერებები მცირე რაოდენობით. ვიტამინი K, პროვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, ფლავონოიდები, ლიმონის მჟავა. თესლი შეიცავს სტეროიდულ საპონინებს, პროტეინს, ამინომჟავებს.
მრავალძარღვას ჯერ კიდევ X საუკუნეში იყენებდნენ არაბეთსა და სპარსეთში. ძველი ბერძნული და რომაული მედიცინა რეკომენდაციას უწევდა მრავალძარღვას თესლს დიზენტერიის სამკურნალოდ.
ავიცენა მიუთითებდა, რომ მრავალძარღვას საფენები კარგად მოქმედებენ სპილოს დაავადების დროს, ხელს უშლიან მის განვითარებას და ამცირებენ შეშუპებას. მისი წვენის ჩაწვეთება ყურში აყუჩებს ტკივილს, ხოლო ფესვის, ანუ ღეროს ღეჭვა, ან მისი ნახარშის გამოვლება პირის ღრუში კარგია კბილის ტკივილის დროს.
ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვას იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვის ტუბერკულოზის, აგრეთვე საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების (გასტრიტების, წყლულოვანი დაავადების, კოლიტების და სხვა) შემთხვევაში. მცენარის ფოთლებში არსებული ფიტონციდები განაპირობებენ მის ანტიმიკრობულ მოქმედებას. მრავალძარღვას ნაყენი და ფოთლების წვენი ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას. კარგად გარეცხილი ფოთოლი გამოიყენება ჩირქოვან ჭრილობებსა და ძირმაგარებზე დასაფენად კომპრესის სახით.
მრავალძარღვას ფოთლებისაგან ამზადებენ ნახარშებს, ნაყენებს. 30 გრ მშრალ, დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა წყალი. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი, როგორც ამოსახველებელი საშუალება ბრონქიტების, ყივანახველის, ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზის დროს.
10 გრ (2 სუფრის კოვზი) მშრალი დაქუცმაცებული მრავალძარღვა მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი, დაახურეთ თავზე, ადუღეთ წყლის აბაზანაში 30 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ 10 წთ ოთახის ტემპერატურამდე, გადაწურეთ. დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნახარში შეავსეთ საწყისი მოცულობის მიღებამდე ანადუღარი წყლით (200 მლ-მდე). მიიღეთ 1/2-1/3 ჭიქა 5-10 წთ-ით ადრე ჭამის წინ 3-4-ჯერ დღეში.
ცხელი ნაყენის მისაღებად 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 10 წთ, დალიეთ 1 სთ-ის განმავლობაში ყლუპებთ (სადღესამისო ნორმა).
ახალი ფოთლებისაგან წვენის მისაღებად კარგად გარეცხილი ფოთლები წვრილად დაჭერით, დაჭყლიტეთ, გამოწურეთ, მიღებულ წვენს შეურიეთ იმავე რაოდენობის თაფლი (1:1), ადუღეთ 20 წთ-ის განმავლობაში, მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ დილას – უზმოზე და საღამოს – ჭამის წინ. შეინახეთ თავდახურული, გრილ, ბნელ ადგილას.

ჭინჭარი - Urtica urens
ჭინჭარი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ჭინჭარი ხარობს როგორც მშრალ, ასევე ნესტიან ადგილებში, ოღონდ, ყოველთვის ნოყიერ ნიადაგში, სახლებთან, ღობეების ძირში, გზის პირებში, ტყეებში.
ნედლეულად იყენებენ მხოლოდ ფოთლებს, ღეროებისა და ყვავილების გარეშე. მათ აგროვებენ ივნის-აგვისტოში აყვავებული მცენარეებიდან. ყვავილობის მერე ჭინჭარი კარგავს სამკურნალო თვისებებს.
ჭინჭარს აგროვებენ ხელთათმანით, ჭრიან ნამგლით ან ცელით. დამჭკნარი ნედლეული აღარ ისუსხება და შეიძლება ღეროდან ფოთლების მოცილება შიშველი ხელით.
ზემოთ აღნიშნული ჭინჭრის გარდა გვხვდება სხვა სახეობის ჭინჭარიც, რომლის თესლები ძალიან მცირე ზომისაა, ფოთლებიც შედარებით პატარაა, ოვალური, კიდეები უფრო ღრმად ჩაჭრილი და ბლაგვკბილებიანია. მისი ნედლეულად გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.
ჭინჭრის წვენს იყენებენ თირკმელებში კენჭის წარმოშობის თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე შარდსადენი გზების ინფექციური დაავადების მკურნალობის დროს.
თმის ცვენის დროს აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1,5 სთ, გაწურეთ შეიზილეთ ნაყენი ახალადდაბანილ და გამშრალ თმაში კვირაში ერთხელ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ჭინჭარს იყენებენ ქრონიკული ვარიკოზული წყლულებისა და სისხლნაკლებობის დროს.

ვარდკაჭაჭა
ვარდკაჭაჭა გვხვდება მდელოებში, ბალახოვან, მიტოვებულ, დაუმუშავებელ ადგილებში, გზის პირებსა და დასახლებულ ადგილებში.
ნედლეულად იყენებენ ფესვებს, იშვიათად მიწისზედა ნაწილს.
ფესვებს ამზადებენ სექტემბერ-ოქტომბერში, ან ადრე გაზაფხულზე. უმჯობესია წვიმის შემდეგ, რადგან ნიადაგი სველია და მცენარე მიწიდან ადვილად ამოდის. ნედლეულს აშრობენ საშრობებში ან ღუმელებში. გამომშრალი ფესვი გადაღუნვისას ტყდება. მცენარის მიწისზედა ნაწილებს აგროვებენ ივნის-აგვისტოში და მზეზე აშრობენ.
ვარდკაჭაჭას ფესვის შემადგენლობაში შედის ინულინი და მწარე ნივთიერებების კვალი. ფოთლებში - ლაქტონები, ტრიტერპენები, ყვავილებში - კუმარინის გლიკოზიდი.
ვარდკაჭაჭა ერთ-ერთი ყველაზე კარგი სამკურნალო მცენარეა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების სამკურნალოდ, იგი აძლიერებს ნაღვლის სეკრეციას. განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა პორტალური სისხლის მიმოქცევის არეში შეგუბების დროს, რადგან მას არამარტო შარდმდენი მოქმედება აქვს, არამედ აუმჯობესებს გულის მუშაობასაც. ასეთ შემთხვევებში ნახარშს შემდეგნაირად ამზადებენ: 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს (ფესვები და მიწისზედა ნაწილები) ათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელ წყალს, ახურავენ თავსახურს, ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 20-30 წთ-ით. შემდეგ აცივებენ ოთახის ტემპერატურაზე 10-15 წთ, გადაწურავენ, ავსებენ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. იღებენ 1/3 ჭიქას 3-ჯერ დღეში.
ვარდკაჭაჭა გამოიყენება როგორც ნაღვლმდენი, საჭმლის მონელების მარეგულირებელი და სისხლში შაქრის რაოდენობის შემამცირებელი საშუალება. იგი აძლიერებს კუჭ-ნაწლავის წვენის სეკრეციას და პერისტალტიკას, მადის აღმძვრელია. ზოგიერთი მკვლევარის მონაცემების მიხედვით 200-300 გ ნედლეულის მიღების შემედგ სისხლში შაქრის რაოდენობა იკლებს 18-44%-ით. ვარდკაჭაჭას ფესვი მდიდარია ინულინით და ამიტომ აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.
ვარდკაჭაჭას პრეპარატებს ხშირად იყენებენ როგორც მადის აღმძვრელ კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგებელ საშუალებას. განსაკუთრებით გასტრიტების, კოლიტების, ენტერიტების დროს; ამისათვის ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს ათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელ წყალს, ახურავენ თავსახურს, ათავსებენ წყლის აბაზანში 15 წუთით. აცივებენ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში, გადაწურავენ. იღებენ 1/3-1/2 ჭიქას ჭამის წინ.
ვარდკაჭაჭას ხშირად ხმარობენ როგორც საერთო გამამაგრებელ, სისუსტის საწინააღმდეგო საშუალებას. ამ დროს ნაყენებსა და ნახარშებს იღებენ რეგულარულად ჭამის წინ.
სისხლნაკლებობის დროს სვამენ მცენარის ახალ წვენს რძესთან ერთად (1 სუფრის კოვზი წვენი, 1/2 ჭიქა რძე) 3-4-ჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში.
ბევრგან ვარდკაჭაჭას სპეციალურად აშენებენ სალათების მოსამზადებლად შაქრიანი დიაბეტის დროს დიეტური მკურნალობისათვის.
ხალხურ მედიცინაში ცნობილია მისი დამამშვიდებელი მოქმედება, ამიტომ, ვარდკაჭაჭას გამოყენებას ურჩევენ ნერვული აღგზნების, ისტერიკის, იპოქონდრიის დროს, თუმცა მისი მოქმედების ეფექტი კატაბალახასა და შავბალახას მოქმედებას ვერ უტოლდება.
ვარდკაჭაჭას ნაყენებს იყენებენ კანზე გამონაყარის, ფერიმჭამელების, ძირმაგარების დროს. ძლიერი ნაყენები და ნახარშები გამოიყენება ძველი ჩირქოვანი ჭრილობების, წყლულებისა და ეგზემის სამკურნალოდ. დიათეზის დროს ბავშვებს უკეთებენ მის აბაზანებს.
ვარდკაჭაჭას ფესვებისაგან იღებენ ფრუქტოზას და სპირტს. მისგან შესაძლებელია ნატურალური ყავის შემცველის მიღება. ამისთვის ნაჭრებად დაჭრილ ფესვებს ხალავენ და შემდეგ ფქვავენ. ფესვებისაგან მიღებულ ფხვნილს ურევენ ნატურალურ ყავას. საუკეთესო თანაფარდობაა 3:1 (3 წილი ყავა, 1 წილი ვარდკაჭაჭა). შეიძლება მომზადდეს ვარდკაჭაჭას სასმელი შემდეგნაირად: 1 სუფრის კოვზი ფხვნილი 0,5 ლ წყალზე. ადუღებენ 2-3 წთ და შემდეგ ფილტრავენ.
შუა აზიაში უძველესი დროიდან კანის ჩირქოვან დაავადებებს, ძველ წყლულებს, სირსველს მკურნალობენ ვარდკაჭაჭას ნაცრით.
ავიცენას მიხედვით ვარდკაჭაჭას საფენები კარგი საშუალებაა ქვეწარმავლების, მორიელის, კრაზანებისა და ხვლიკების ნაკბენის დროს.

კალანხოე (Kalanchoe)
კალანჰოე ჩვენში ცნობილია, როგორც ოთახის დეკორატიული მცენარე.
კალანხოე მოეკუთვნება მსუქანისებრთა ოჯახს. სამკურნალოდ გამოიყენება მისი ფოთლები და ახალგაზრდა ღეროებიდან მიღებული წვენი. იგი შეიცავს: ფლავონოიდებს, მრავალ ნივთიერებებს, ვიტამინებს ც და პ -ს, ორგანულ მჟავებს, ფერმენტებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს.
იგი ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობულ თვისებებს, აჩქარებს შეხორცებას და ასევე აქვს თვისება გაანთავისუფლოს ჭრილობა ნეკროზული ნაწილებისაგან.
ფართოდ გამოიყენება სტომატოლოგიაში და ქირურგიაში.
მისგან ამზადებენ მალამოს, რომელიც გამოიყენება გაძნელებული ჭრილობების შესახორცებლად.
მისი სპირტის ხსნარი გამოიყენება ვენების ვარიკოზული გაგანიერების და სხეულზე კაპილარების გასაფერმკრთალებლად.
ასევე კ ა ლ ა ნ ხ ო ე ს სქელ ფოთოლს ჭრიან სიბრტყეზე და იდებენ მეჭეჭზე. ზოგჯერ მხოლოდ 3-4 პროცედურაა საჭირო მეჭეჭების მოსაცილებლად.
უებარი საშუალებაა გაციების, ხველების და სურდოს დროს, უნდა ჩაიწვეთოთ ცხვირში რამდენიმე წვეთი ახლად გამოწურული კალანხოეს წვენი.

დაფნა
დაფნის ფოთოლი უნიკალური სამკურნალო საშუალებაა. ის მდიდარია ფიტონციდებით, ორგანიზმისთვის აუცილებელი მიკროელემენტებით, მთრიმლავი ნივთიერებებითა და სხვა სასარგებლო ნაერთებით. მას ორგანიზმიდან წიდის გამოდევნისა და იმუნიტეტის ამაღლების საოცარი უნარი აქვს.
დაფნა მეტად სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით, ტუბერკულოზით, სახსრის პათოლოგიით დაავადებულთათვის. წარმატებით გამოიყენება სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების) და საზოგადოდ პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროსაც (რეკომენდებულია დაფნის ფოთლებისა და ღეროს ღეჭვა).
დაფნა არომატს, სამკურნალო თვისებებსა და სხვა ღირებულებებს გამხმარიც ინარჩუნებს.
პროფილაქტიკისთვის დაფნის ნაყენის მიღება ყველას შეუძლია. მის გამაჯანსაღებელ ეფექტში დარწმუნდებით - გაგიადვილდებათ სუნთქვა, მოძლიერდებით, ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ.
ნაყენის მომზადების წესი: აიღეთ 5 გ დაფნის ფოთოლი (ეს დაახლოებით 15 ფოთოლია), ჩაუშვით 300 გ წყალში, წამოადუღეთ და დაახლოებით 5 წუთს დატოვეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ თერმოსში გადაასხით და 3-4 საათს გააჩერეთ. ბოლოს გადაწურეთ და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით, მაგალითად, თითო სადილის კოვზი.

ალოე
გააჩნია ბაქტერიციდული და ბაქტერიოსტატიკური თვისებები, აქტიურია სხვადასხვა მიკრობების: სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკების, ნაწლავის და დიფტერიის ჩხირების მიმართ. ალოეს კარგი ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემხორცებელი თვისებები აქვს, გამოჰყავს რადიაციის პროდუქტები. ალოე ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში, კარგი ბიოსტიმულატორია, ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას.
ალოეს წვენი ამაღლებს იმუნიტეტს.
საფენების სახით ნედლ წვენს იყენებენ ჩირქოვანი ჭრილობების, ტროფიკული წყლულების, დამწვრობების, აბსცესების, ფურუნკულების სამკურნალოდ. თმის ცვენის დროს მას ღვინოსთან შერეულს იდებენ ან ალოესა და ძმრის ნარევით იბანენ თავს. ალოეს წვენის კომპრესები დასხივებით გამოწვეული თავის დერმატიტის დროს აუმჯობესებს ქსოვილის აღდგენას და თმის ზრდას.
ამჟამად ალოეს სხვადასხვა პრეპარატს თვალის პრაქტიკაში იყენებენ, ასევე იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ანემიის, დასხივების, პირის ღრუს ანთებითი დაავადებების და სხვ. დროს.
იყენებენ ფილტვების ტუბერკულოზის დროს, კლიმაქტერულ და პოსტკლიმაქტერულ პერიოდში, ამენორეის დროს. ექსტრაქტი გამოიყენება როგორც არასპეციფიკური საშუალება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ქალური დაავადებების, კანის ტუბერკულოზიური წყლულების, სკლეროდერმიის, პერიფერიული ნერვული სისტემის ანთებითი დაავადებების დროს.
ალოეს წვენს ან ნედლ ფოთლებს გარეგანი გამოყენების დროს სამკურნალო ეფექტი აქვს დამწვრობების, ტროფიკული წყლულის, ინფექციური დაავადების, ოსტეომიელიტის, აბსცესის, ფლეგმონის, მწერის ნაკბენის და ზოგიერთი სხვა დაავადების დროს. გამოიყენეთ საფენების (1-2ჩ.კ) და მოსხურების სახით ჭრილობებზე და დამწვრობებზე.
მიიღეთ გასტრიტის, ენტერიტის, კუჭშეკრულობის დროს 1 ჩ.კ. 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 3 კვირიდან 2 თვემდე.
ალოე რეკომენდებულია როგორც საფაღარათო საშუალება. ამ მიზნით ალოე ასე მზადდება: 150 გრ. ალოეს ფოთლებს (ეკლიანი კიდეები მოაჭერით) დააქუცმაცეთ ხელით და დაასხით 300 გრ. ცხელი თაფლი (თალი ადუღებამდე არ მიიყვანოთ). დააყენეთ დღე-ღამის განმავლობაში. ამის შემდეგ გააცხელეთ, გაწურეთ და მიიღეთ 5-10 გრ. დილით, ჭამამდე 1 საათით ადრე.
მწვავე რინიტის განვითარების შესაჩერებლად ჩაიწვეთეთ ალოეს წვენი თითოეულ ნესტოში 5-8 წვეთი დღეში 3-ჯერ 3-5 საათის ინტერვალით. ნედლი ფოთლების წვენი გამოიყენება ნევრალგიის, თავის ტკივილის და სხვა დაავადებებისას. ასევე საჭმლის მოუნელებლობის დროს და მენსტრუაციის დასარეგულირებლად _ 8-10 წვეთი ერთ ჯერზე.
მიიღეთ ალოეს წვენი 1 ჩ.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ.-ით ადრე ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლლულოვანი დაავადების, ანემიის, ბრონქიალური ასთმის დროს, დიზენტერიის შემდეგ და ინფექციური დაავადებების წინაამღდეგ ორგანიზმის იმუნიტეტის ასამაღლებლად.
დასუსტებული ავადმყოფებისთვის და ბავშვებისთვის შემდეგი მკვებავი მასა მოამზადეთ: 100 გრ. ალოეს წვენი, 500 გრ. კაკალი, 300 გრ. თაფლი და 3-4 ლიმონის წვენი. მიიღეთ 1 ჩ.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ.-ით ადრე.
ალოეს ექსტრაქტს თვალის დაავადებებისას, ბლეფარიტის, კონიუნქტივიტის, პიგმენტური რიტინიტის, თვალის ნერვის ატროფიის დროს იყენებენ.

კაკალი მკურნალი
კაკალი არა მარტო გემრიელი საკვებია, არამედ მკურნალიც.
სამკურნალოდ გამოიყენება ნიგოზი, მწვანე ნაყოფი, ფოთლები, ნაჭუჭი, წეგო, უღელი და ზეთი. კაკლის ფიტონციდური და ბაქტერიების საწინააღმდეგო თვისებები ხელს უშლის სტაფილოკოკების, დიზენტერიის, ტიფის და ტუბერკულიოზის ჩხირების გამრავლებას, კურნავს ყველა სახის სოკოვან დაავადებას
სწორედ ფიტონციდური თვისებების წყალობით, იქ, სადაც კაკლის ხე დგას, ვერ მრავლდება ბუზი და ჩირჩილი.
ც ვიტამინით მდიდარი კაკლის ფოთლის ჩაი (50 გრამი 1 ლიტრ წყალზე) რეკომენდირებულია კანის დაავადებების, ჭიების, კუჭ-ნაწლავის, კატარის, ათეროსკლეროზის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის სამკურნალოდ და იმუნიტეტის ასამაღლებლად.
ნიგოზი, მთრიბლავი ნივთიერების წყალობით, კურნავს კუჭ-ნაწლავის ტრაქის ანთებას. შეიცავს რკინას, სპილენძს, კობალტს, თუთიას, ვიტამინ ბ6-ს, კალციუმს, ფოსფორს, ხელს უწყობს ზრდას, სასარგებლოა ანთების დროსაც.
იოდით მდიდარი ნიგვზის წყლის ნახარში რეკომენდირებულია ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სამკურნალოდ.
გთავაზობთ რეცეპტს:
კოლიტის დროს: პატარა მაიონეზის ქილაში ჩაყარეთ 3ს/კ ნიგვზის უღელი შეავსეთ არყით თავდახურული გააჩერეთ ერთი კვირა.
10წვეთი ნაყენი გახსენით 1ს/კ წყალში და მიიღეთ 3-4ჯერ დღეში, მკურნალობის კურსია 1-2 თვე.
შაქრის დონის დასაწევად (დიაბეტის დროს)- 1ჩ/ჭ წვრილად დაჭრილი კაკლის ფოთოლი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 3ჩ/ჭ მდუღარე წყალი და თავდახურული გააჩერეთ 0.5 საათი. მიიყვანეთ ადუღებამდე და ისევ გააჩერეთ 6 საათი. გაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ ნაყენი ჭამიდან 30-40 წუთის შემდეგ.
ართრიტის დროს: 2ს/კ კაკლის წეგოს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 20 წუთი და ნაყენი წაისვით მტკივნეულ სახსრებზე.
ხალხურ მედიცინაში პოპულარობით სარგებლობს ნორჩი ნაყოფისა და 100-160 გრადუსზე დისტილირებული ნავთის ნაყენი, რომელიც გამოიყენება არა მარტო სახსრების, არამედ მეტასტაზების და სიმსივნის სამკურნალოდ:
დაჭრილი ნორჩი კაკლით გაავსეთ მინის ქილა და პირამდე შეავსეთ დიდტილირებული ნავთით. მჭიდროდ დახურული 21 დღე გააჩერეთ ბნელ ადგილას, შემდეგ გაწურეთ ორფა მარლაში, ჩაასხით მინის ბოთლში და შეინახეთ ბნელ ადგილას. თავდაპირველად მიიღეთ 5-6 წვეთი ნაყენი დილა საღამოს და ყოველ დღე დაამატეთ თითო წვეთი, აიყვანეთ 15 წვეთამდე. გააგრძელეთ კიდევ 10 დღე 15 წვეთის მიღება, შემდეგ შეამცირეთ ყოველდღე თითო წვეთი და დაიყვანეთ 5 წვეთამდე. მკურნალობა გრძელდება ერთი თვე.

მოცვი
მოცვი – დატოტვილი ბუჩქია მოცვისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 50 სმ-მდე.
მოცვის ნაყოფი შეიცავს შაქარს (ფრუქტოზა, ლაქტოზა), აქტიურ ნივთიერებებს (კატეხინები და ანტოციანები) კაროტინებს, პექტინებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ვაშლის, ლიმონის, რძის მჟავებს.
ფოთლები შეიცავენ 7-20% სათრიმლავ ნივთიერებებს, ჰიდროქინონს, ფლავონოიდებს, ასკორბინის მჟავას, არბუთინს და სხვა.
ხალხურ მედიცინაში მოცვის ნაყოფის ნახარში და ნაყენი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების – გასტრიტების, ენტეროკოლიტების, დროს. განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა მისი გამოყენება ბავშვებში, როგორც შესაკვრელი საშუალება. მოცვის წვენი და მისი ნახარში გამოიყენება ყელში გამოსავლებად ანგინის, ღრძილების, პირის ღრუს ანთების, ხოლო მისი საფენები დამწვრობის, კანზე გამონაყარის დროს. მოცვს ახასიათებს ანტისეპტიკური თვისება და ამიტომ გამოიყენება სტომატიტების დროს. ნედლ ნაყოფს იღებენ ქრონიკული შეკრულობის, კუჭის მჟავიანობის დაქვეითების, დიზენტერიის დროს. მოცვის ნაყოფი აუმჯობესებს სიბნელეში მხედველობას.
ფოთლების ნახარშს იყენებენ დიაბეტის საწყისი ფორმის სამკურნალოდ. უმჯობესია მისი ნარევის გამოყენება თუთის ფოთლებთან ერთად. მოცვის ფოთლების ნახარში კარგი საშუალებაა სისხლის წნევის დასაწევად. ნედლი ნაყოფი გამოიყენება დიაბეტის, რევმატიზმის, ნიკრისის ქარისა და სხვა იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევითაა გამოწვეული.
მოცვის ნაყოფის ნაყენის მოსამზადებლად 1-2 ჩაის კოვზ ნაყოფს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 4-5 სთ, დალიეთ 1/4 ჭიქა 5-6-ჯერ დღეში. ნახარშის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზ ნაყოფს დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ მანამდე, სანამ 1 ჭიქა არ დარჩება. გადაწურეთ და მიიღეთ თბილი 1/4 ჭიქა 4-ჯერ დღეში ჭამის წინ.
კუჭის აშლილობის დროს 2 ჩას კოვზ ნაყოფს დაასხით 300 მლ ცივი წყალი, გააჩერეთ 8 საათი, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში.
კუჭის აშლილობის დროს რამდენიმე ცალ ნედლ მოცვს კარგად ღეჭავენ და გარკვეული დროის შემდეგ პატარა ინტერვალებით ყლაპავენ. კუჭის ტკივილის დროს მოცვის სპირტიანი ნაყენის 10-12 წვეთს ასხამენ შაქრის ნატეხს. სპირტიანი ნაყენის მოსამზადებლად 8 სუფრის კოვზი ნაყოფი მოათავსეთ შუშის ქილაში, დაასხით არაყი და რამდენიმე თვე გააჩერეთ. ქრონიკული რევმატიზმის დროს სვამენ ნახარშს. 40 გრ ნაყოფს ხარშავენ 200 მლ წყალში 20 წუთი, სვამენ 5-6 სუფრის კოვზს დღეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
დიაბეტის დროს ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 3 სუფრს კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ აცივებენ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთი. სვამენ ამ რაოდენობას ერთი დღის განმავლობაში თითო ჭიქას 3-ჯერ დღეში.
დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება აგრეთვე ერთნაირი რაოდენობით აღებული მოცვის ფოთლებისა და ლობიოს პარკისაგან (ხმელი პარკები) დამზადებული ნახარში

ჩაი
ჩაი - ყველაზე პოპულარული სასმელია მსოფლიოში წყალის შემდეგ. ნებისმიერი ჩაი, ეს იქნება შავი თუ მწვანე წარმოადგენს ანტიოქსიდანტს.
ჩაი პირველად ნახსენებია 770 წ. ჩვ.წ.აღრ. ჩინელი ჩჯოუ-გუნის წიგნში, სადაც აღწერილია ჩაის სასარგებლო თვისებები. ჩაიში დაახლოებით 300 სასარგებლო ნივთიერებაა აღმოჩენილი.
ჩაის შემადგენლობაში შედის: ფენოლის ნაერთები, კატეხინები, პექტინური ნივთიერებები, სპირტი, მჟავები(ქარვამჟავა, ლიმონმჟავა, რძემჟავა), ამინომჟავები, პურინის წარმოებული( კოფეინი, გუანინი, ადენინი, თეოფილინი, თეობრომინი,) პიგმენტები, ვიტამინები, ფერმენტები, მინერალური და არომატული ნივთიერებები, აგრეთვე ცილები, ცელულოზა, სახამებელი, ზოგიერთი მინერალური ნივთიერება, ცხიმში ხსნადი ვიტამინები და სხვა.
შავს და მწვანე ჩაის გააჩნია სხვადასხვა ექსტრაქტული ნაერთები. ცნობილია, რომ მწვანე ჩაიში უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებაა.
ჩაი შეიცავს 15—30% მთრმილავ ნივთიერებას ტანინს
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთი ფინჯანი ჩაი შეიცავს 40 მგ. კოფეინს, მაშინ, როდესაც ერთ ფინჯან ახლადმოდუღებულ ყავაში კოფეინი 85 მგ.ია
ჩაი – უნივერსალური სასმელია, როგორც ხალხში ამბობენ „ასი დაავადების წამალი“. ჩაის სამშობლოში - ჩინეთში თავდაპირველად ჩაი გამოიყენებოდა, როგორც წამალი, და შედარებით გვიან დაიწყეს მისი გამოყენება, როგორც ჩვეულებრივი სასმელი.
ჩაის ხშირი გამოყენება ჯანმრთელობის საწინდარია;
ჩაი იცავს გულს ინფარქტისგან და სხვადასხვა დაავადებისგან.
ჩაი ამაგრებს სისხლძარღვებს და კაპილარებს,ხდებიან რა ისინი უფრო მოქნილი და ელასტიურები.
მწვანე ჩაი შლის ცხიმოვან დანალექებს ორგანიზმში და ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას და ლიპიდების წარმოქმნას სისხლძარღვების კედლებზე ორგანიზმში.
ჩაი ხელს უწყობს სისხლის მომოქცევას, აფართოვებს და წმინდავს ტვინის და გულის სისხლძარღვების კაპილარებს.
ჩაი აწესრიგებს არტერიულ წნევას
ჩაი შეიცავს უნიკალური რაოდენობის ერთად თავმოყრილ ვიტამინებს, მიკროელემენტებს და ცილების ნაერთებს.
ჩაი -არაჩვეულებრივი ოფლმდენი საშუალება გაციების დროს.
მწვანე ჩაი ყველაზე უკეთ კლავს წყურვილს და იცავს ორგანიზმს სიცხისგან.
ჩაის ახასიათებს მკვეთრად გამოხატული მთრმილავი, ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული მოქმედება.
ჩაი ანეიტრალებს ტოქსინებს. კუჭში თრგუნავს და სპობს სხვადასხვა ტიპის ბაქტერიებს.
ჩაი შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს (ფტორი, კალციუმი, ფოსფორი და სხვა.) რომელიც აუცილებელია ძვლების და კბილების ფორმირებისთვის.
ჩაი უებარია კბილის ტკივილის დროს, და ასევე პირის ღრუში აქრობს არასასიამოვნო სუნს.
ჩაი ასევე არის შარდმდენი, მისი რბილი მოქმედება ამავე დროს არ აღიზიანებს ნერვულ სისტემას და თირკმელებს
ჩაის ახასიათებს სისხლისშემაჩერებელი, ანტიანთებითი და ანტიბაქტერიული მოქმედება. მაგარი ჩაით შეიძლება ჭრილობის მობანვა.ის ადეზინფიცირებს და აჩქარებს შეხორცებას.
ჩაის იყენებენ დამწვრობის დროს, და რაც მნიშვნელოვანია, ძლიერი დამწვრობის დროსაც.
ჩაი რეკომენდებულია სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკის დროს.
ჩაის აქვს თვისება ორგანიზმიდან გამოდევნოს რადიოაქტიური ნივთიერებები, ტოქსინები, ქიმიური ნივთიერებები და პრეპარატები, მათ შორის ნარკოტიკული და ალკოჰოლი.
ჩაი აძლიერებს ფილტვების ვენტილაციას, აიოლებს სუნთქვას, ძალიან სასარგებლოა ბრონქიტების, ტრაქეიტების და ფილტვების ანთების დროს.
ცხელი ჩაი სურდოს და გაციების დროს უებარი საშუალებაა. სასარგებლოა მისი მიღება ანგინის, ტონზილიტების და სხვა ცხვირ-ხახის დაავადებების დროს.
ჩაის უნიკლური თვისებაა ასევე ის, რომ იგი მხედველობას აუმჯობესებს, ამაგრებს ნერვულ სისტემას, აძლიერებს რეაქციის სისწრაფეს, ხელს უწყობს მეხსიერების ამაღლებას, აიოლებს ახალი ინფორმაციის ათვისებას.
* * *
თავშავას ჩაი
1 სუფრის კოვზ მშრალ თავშავას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 10 წთ ან წამოადუღებენ. სვამენ ჩაის სახით. ძალიან სასარგებლო, გემრიელი და არომატული ჩაია.
თავშავა არეგულირებს არტერიულ წნევას, აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, იყენებენ სასუნთქი გზების გაციების დროსაც.
ცაცხვის ყვავილების ჩაი
1 სუფრის კოვზ ცაცხვის ყვავილს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. (უმჯობესია თერმოსში). 20 წუთის შემდეგ სვამენ ჩაის სახით. ეს ნაყენი არომატული და სასიამოვნოა.
ცაცხვის ყვავილების ნაყენი გამოიყენება გაციების დროს. აქვს ოფლმდენი, ანტიმიკრობული, ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.
კუნელისა და ძახველის ჩაი
კუნელისა და ძახველის მწიფე ნაყოფებს ჩეჩქვავენ, ათავსებენ თერმოსში. თითო სუფრის კოვზ ორივე ნაყოფს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს. დილით გაწურავენ და ღებულობენ ჩაის სახით.
კუნელი და ძახველი უხდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, აქვს დამამშვიდებელი და წნევის დამგდები მოქმედება.
ასკილის ჩაი
ასკილის მწიფე ნაყოფებს ჩეჩქვავენ. ღამით თერმოსში ასხამენ მდუღარე წყალს (1 სუფრის კოვზ ასკილზე 1 ჩაის ჭიქა). დილით მიირთმევენ თბილი სახით.
ასკილის ნაყოფში არის c ვიტამინი, ამიტომ მისი ჩაის ხშირი მიღება შესვენებებით ამაღლებს იმუნიტეტს.
თუ სისხლში მომატებულია პროთრომბინი, ასკილის ჩაის მიღება არ შეიძლება!
კრაზანას ჩაი
კრაზანა მიჩნეულია ბუნებრივ ანტიბიოტიკად. ადუღებენ 5 წთ. (1 ს.კ. ბალახი 1 ჩაის ჭიქა წყალზე) ღებულობენ ჩაის სახით.
კრაზანას ჩაის მიღება 2 კვირის განმავლობაში, აქრობს ანთებებს ორგანიზმში, არეგულირებს კუჭის წვენის მაღალ მჟავიანობას, წმენდს ნაღვლის ბუშტს.
პიტნის ჩაი
1 სუფრის კოვზ პიტნას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 10-15 წთ. ღებულობენ ჩაის სახით.
პიტნას აქვს დამამშვიდებელი მოქმედება. ღებულობენ კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს.
დეკას ჩაი
დეკას 1-2 ფოთოლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს და ადუღებენ 10 წთ. ღებულობენ ჩაის სახით.
დეკას აქვს შარდმდენი მოქმედება და იყენებენ თირკმელების დაავადებების, ჰიპერტონიის დროს.
კომშისა და ალუბლის ფოთლების ჩაი
კომშისა და ალუბლის ფოთლებს ადუღებენ 5 წუთით. უმატებენ ცოტა ლიმონის წვენს და მიირთმევენ დილა-საღამოს ჩაის სახით.
ეს ჩაი პროთრომბინს აქვეითებს სისხლში. ამიტომ მისი მიღება 1 კვირაზე მეტ ხანს არ შეიძლება ანალიზის გარეშე.
ჟოლოსა და მოცვის ფოთლების ჩაი
ჟოლოსა და მოცვის ფოთლებს ხარშავენ 2-3 წუთით. 20 წუთის შემდეგ სვამენ ჩაის სახით.
ამ მცენარეთა ფოთლებს აქვს ოფლმდენი, სიცხის დამწევი მოქმედება და ღებულობენ გაციების დროს.
მარწყვის ფოთლების ჩაი
მარწყვის ხმელ ფოთლებს ხარშავენ 5 წუთით და ღებულობენ ჩაის სახით.
მარწყვის ფოთლებს აქვს ორგანიზმიდან მარილების გამომდენი და ელენთის სამკურნალო თვისებები.
ურცის ჩაი
1 სუფრის კოვზ ურცს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. 10 წუთის შემდეგ სვამენ ჩაის სახით.
ურცი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, იყენებენ აგრეთვე სასუნთქი გზების გაციების დროს.
ჭინჭრის ჩაი
ჭინჭრის გამხმარ ფოთლებს ასხამენ მდუღარე წყალს და წამოადუღებენ 1-2 წუთით.
ჭინჭარი წნევას მაღლა სწევს და უხდებათ ჰიპერტონიკებს. წმენდავს სისხლს. ამაღლებს იმუნიტეტს, აჩერებს სისხლდენებს მთელ ორგანიზმში.
მატიტელას ჩაი
1 სუფრის კოვზ მშრალ, მატიტელას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს, ხარშავენ 5 წუთით და სვამენ ჩაის სახით.
მატიტელას აქვს ღვიძლის ფუნქციის აღმდგენი მოქმედება, ამიტომ იყენებენ ბოტკინის დაავადების დროს და შემდგომ პერიოდში, უხდება კუჭ-ნაწლავისა და თირკმელების დაავადებებს. ორგანიზმიდან გამოაქვს მარილები.
ბეგქონდარას ჩაი
1 სუფრის კოვზ ბეგქონდარას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. 20 წუთის შემდეგ სვამენ ჩაის სახით. არის არომატული და სასიამოვნო ჩაი.
ბეგქონდარა უხდება თირკმელებსა და საჭმლის მომნელებელ ორგანოებს, იყენებენ აგრეთვე სასუნთქი გზების გაციების დროსაც.
სამკურნალო ჩაის სახით მისაღებად შევარჩიეთ ისეთი მცენარეები, რომელთაც სასიამოვნო გემო და არომატი აქვთ. რადგან მათ სამკურნალო დანიშნულებაც გააჩნიათ, თითოეული მცენარის ჩაის მიღება სასურველია 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ უნდა შეიცვალოს მცენარე.
Комментариев нет:
Отправить комментарий